ცხოვრების უკანასკნელი წლები
1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექითდაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა ,,სიმონა“, ,,უცნაური სენი“, ,,პალიასტომის ტბა“, ,,არშიყნი“, ,,ქრისტინე“. ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.
1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე. ამ დროს ის თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩადის და მცირე ხნით ზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ცხოვრობს.
1892 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით ყვირილაში მოეწყო კონფერენცია, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის არალეგალური კრებები. იგი გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა, თავდაპირველად, განიცდიდა მის გავლენას. ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო.
1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე ცხოვრობს ბინაში, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობას პარტახი და იწყებს ჩვენი ქვეყნის რაინდის გადამუშავებას. ჩქარობს, თითქოს წინასწარ გრძნობს სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, თბილისიდან ბათუმს მიემგზვრება, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელშია, სადაც სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.
ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს ”მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.

No comments:
Post a Comment