შემოქმედება

==შემოქმედება==

ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით ([[1887]] - [[1894]]) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.

===ნაწარმოებები===
[[File:Egnate Ninoshvili Statue, Tbilisi.jpg|thumb|ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, [[თბილისი]]]]
ეგნატე ნინოშვილის მთავარი ნაწარმოებებია:

*განკარგულება
*გოგია უიშვილი
*მოსე მწერალი
*პალიასტომის ტბა
*პარტახი
*ქრისტინე
*ჩვენი ქვეყნის რაინდი
*ჯანყი გურიაში
*ცოლი და ქმარი
*სოფლის გმირები
*სიმონა
*უცნაური სენი
*არშიყნი

===მხატვრული სტილი===
თითქმის ყველა მოთხრობაში ნინოშვილმა ასახა თავისი თანამედროვეობა, ის სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ სოფელში შეიქმნა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ პერიოდში გასული საუკუნის 80–90-იან წლებში. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების პერსონაჟები, სინამდვილიდან აღებული ცოცხალი ადამიანები არიან. თითქმის ყველა პერსონაჟს მოეპოვება თავისი პირველსახე, რომელთა უმრავლესობასაც, მწერლის თანამედროვეთა გადმოცემით, ავტორი პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ყოფილა ეგნატეს მეზობელი გლეხი  გოგია ხუხუნაიშვილი. იგი მთავრობის მოხელეებს უკანონოდ დაუსჯიათ, გაუმათრახებიათ და თვითმკვლელობამდე მიუყვანიათ.

ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მხატვრულ ხერხების გამოყენება, რომელსაც მწერალი მიმართავს ნაწარმოების შთამბეჭდაობის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ბუნების მოვლენათა ნინოშვილისეული ხატვა. ბუნება, ნინოშვილის მიხედვით, ზოგჯერ ჰარმონიაშია ადამიანის სულიერ განწყობილებებთან, ზოგჯერ კი  - მისდამი ცივია და გულგრილი. მაგ. თვითმკვლელობის სცენა მოთხრობა «პარტახიდან» გამძაფრებულია ზაფხულის ღამის ძლიერი წვიმითა და მეხის გრიალით.

საინტერესოა მეორე მხატვრული ხერხიც, რომელსაც ნინოშვილი ხშირად იყენებს თავის მოთხრობებში. ავტორი აღგვიწერს ამბავს, რასაც ნაწარმოების გმირი სჩადის, მაგრამ თან დასძენს: «ხალხი კი სულ სხვას ამბობდაო». ხალხში მითქმა-მოთქმით გავრცელებული ხმა საწინააღმდეგოა სინამდვილისა. ამ ხერხის გამოყენებით მწერალი აძლიერებს ტრაგიკულ სიტუაციას, რომელშიაც მოქცეულია მოთხრობის პერსონაჟი.

ე. ნინოშვილი ხშირად იყენებს სიზმრებს, როგორც მხატვრულ ხერხს. ამის მაგალითს ვხედავთ «ჩვენი ქვეყნის რაინდში», «ქრისტინეში», «მოსე მწერალში», «განკარგულებაში», «ცოლსა და ქმარში», «პარტახში», «სოფლის გმირებში» და რომანში - »ჯანყი გურიაში». ნინოშვილის ნაწარმოებებში სიზმარი არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ  მოსალოდნელი უბედურებისა თუ ბედნიერების უცილობელ წინაგრძნობას. ავტორი იყენებს სიზმარს ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის გასაძლიერებლად, გმირის შინაგანი სულიერი ღელვის გადმოსაცემად.

ნინოშვილის მიერ დახატული თითქმის ყველა პერსონაჟი ატარებს შერქმეულ გვარს, რომელიც პერსონაჟის თვისებას ან ხასიათს გამოხატავს: ძალაძე, უიშვილი, მუნჯაძე, მკლავაძე, დროიძე, ტყისპირელიძე, უქმაძე, ძველისენიძე, ხელმოკლიძე და სხვა.

ყველა ეს ხერხი ნინოშვილს მაღალი ოსტატობით აქვს გამოყენებული, მათი შემწეობით იგი აღწევს ტრაგიკული სიტუაციების სრულყოფას, ხასიათების გამოკვეთას, მათი სულიერი მღელვარების, მათი ტკივილების მძაფრად დახატვას. მაგრამ აღნიშნული ხერხების ხშირ გამოყენებას ზოგჯერ ერთფეროვნების ელფერი შეაქვს მწერლის მთლიან მხატვრულ შემოქმედებაში.

ნინოშვილის ენა ხალხური სასაუბრო ენაა. მწერალი არ მიმართავს მხატვრული მეტყველების შელამაზებას. მწერალი თავის პერსონაჟებს [[გურული კილო|გურულ კილოზე]] ალაპარაკებს, უხვად იყენებს მდიდარ ფოლკლორულ მასალას: ანდაზებს, მოსწრებულ თქმებს, ლეგენდებს, ლექსებსა და სიმღერებს, რითაც ნაწარმოებს მეტ სოციალურ სიღრმეს აძლევს და მხატვრულად საინტერესოს ხდის.

===გამოცემები===

ეგნატე ნინოშვილის თხზულებების უმრავლესობა იბეჭდებოდა  გაზეთ [[ივერია (გაზეთი)|ივერიაში]], ასევე სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: [[კვალი (გაზეთი)|კვალი]], [[მოამბე]], [[თეატრი (გაზეთი)|თეატრი]] და სხვ.

ცალკე წიგნად გამოიცა მისი მოთხრობები: "სიმონა" და "ქრისტინე" ([[1892]]).

[[1904]] გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, [[1920]] - სამტომეული, [[1925]] - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომეული.

No comments:

Post a Comment